თურმე ეს საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და ვითომ, მე უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ვეწევი - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის პასუხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - სალომე ზურაბიშვილი ცესკოს დისკრიმინაციასა და საარჩევნო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად მისი შვილის ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანისა, უამრავი ემიგრანტი პრობლემის წინაშე დგას, რომლის მოგვარებასაც, პრეზიდენტის განმარტებით, ცესკო არ აპირებს.
თუ კარგად გავიგე ყველაფერი, სწორად რომ გააკეთებ დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს) მიიღებ საკონსულოდან დასტურს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენ გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება!!!!! და სხვა? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი … იმათ რას ეუბნებით? დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენ გვარს ვერც გამოასწორებთ.
და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას!!!!!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, „ნეტგაზეთმა“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან.
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე საფრანგეთში დგას, რის გამოც ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდა.
თუმცა, ცესკომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის შვილის მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე.