"ოცნებას" სურს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაცია შელახოს და მხარედ წარმოაჩინოს - მეზვრიშვილი

30.09.24 22:21
"ოცნებას" სურს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაცია შელახოს და მხარედ წარმოაჩინოს - მეზვრიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების არ შეჩერების ფონზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიზანში ჰყავს ამოღებული.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რაჟდენ კუპრაშვილის უწყების უკან ივანიშვილის ხელისუფლების ინტერესებს ხედავს და მმართველი პარტიის ნაბიჯებს ძალაუფლების დაკარგვის შიშს უკავშირებს.

ეს პროცესი ახლა არ დაუწყია "ოცნებას". დიდი ხნის წინ დაიწყო და დააგვირგვინა რუსული კანონის მიღებით. "ოცნების" მთავარი სამიზნე იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. პირველ რიგში, ადგილობრივი ორგანიზაციები. "ოცნება" ფიქრობს, რომ ადგილობრივის შემდეგ მიადგებიან უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ყველა, ვინც დაეყრდნობა ადგილობრივს, იმათაც გამოუცხადებენ უნდობლობას. მათი რეპუტაციის შელახვა სურთ. სურთ, რომ ისინი მხარედ წარმოაჩინონ. ჩვენ რაც არ უნდა სუბიექტური, თუ ობიექტური შეხედულება გვქონდეს, ეს ორგანიზაციები ხმების გაყალბებას იცავენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიადგებიან სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მათ ეშინიათ", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არ შეაჩერა.

საუბარია, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და  მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო. 

TI-ში ამბობენ, რომ ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ იქნება. 

მსგავსი სიახლეები