მთავრობის მხრიდან რამდენიმე საკითხზე კანონდარღვევაა - ოთარ ზურაბიშვილი
"პირველი ხაზის" ეთერში საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მისაღებად ექმნებათ - ოთარ ზურაბიშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერად ტრანსპორტირებას მიიჩნევს.
როგორც პრეზიდენტის ძმა განმარტავს, ემიგრანტებს საარჩევნო უბნამდე მისასვლელად ათასობით კილომეტრის გავლა მოუწევთ - "პარიზში გაიხსნა ერთი საარჩევნო უბანი, რომელიც ნიციდან 1 000 კილომეტრშია, რაც გადაადგილების სერიოზულ პრობლემას იწვევს".
ამასთან, როგორც ოთარ ზურაბიშვილი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ერთ რეგიონში არსებობს 50-ზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისი უწყებები ვალდებულები არიან, რომ ერთი საარჩევნო უბანი გახსნან.
"თუ საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნები არ გაიხსნება, ეს კანონდარღვევაა" - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა.
ჩვენ გვერდით დგას ათი ათასობით ადამიანი, რომლებიც იმავე მდგომარეობაში არიან და ყოველ ჯერზე, როგორც კი გადაწყდება ერთი საკითხი, არ იქნება სესია ცესკოსი და არ გამოაცხადებენ ოფიციალურად. ამის უკან არის დიდი შეფერხება და დიდი სირთულეები. საჭირო არის, რომ არჩევნებზე ყველა წავიდეს. 7 ოქტომბრამდე ყველა უნდა ჩაეწეროს რეგისტრაციაში. თუ სირთულე გამოჩნდა არის ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ, ვინც არის ამ რთულ სიტუაციაში. მეორე პრობლემა არის გადაადგილების პრობლემა. ვიცით, რომ გაიხსნა მაგალითად პარიზში ერთი საარჩევნო უბანი, რომელიც ნიციდან არის 1000 კილომეტრში, ანუ, არის ძალიან სერიოზული გადაადგილების საკითხი, როგორ წავიყვანთ ამდენ ხალხს ერთი ადგილიდან მეორეზე.
აშკარად, რამდენიმე საკითხზე არის კანონდარღვევა. პირველი საკითხია, რომ თუ 50-მა ამომრჩეველმა თუ შეიტანა თხოვნა ერთ ადგილას, უნდა გაიხსნას უბანი და როცა არ ხსნი, ეს უკვე დარღვევაა. მეორე დარღვევაა, რომ 3 000 ზღვარს რომ გადააცილებს, უნდა გაიხსნას მეორე უბანი. ამაზე მთავრობაა პასუხისმგებელი, მერე მოდის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო. არ ვიცი, მათი უთანხმოება სად არის, ვინ ვის ატყუებს, მაგრამ ნათელია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონაცემები სრულად არ გადასცა", - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, მოლდოვა 20 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმისთვის საზღვარგარეთ 37 ქვეყანაში 228 საარჩევნო უბანს გახსნის, ხოლო 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში, 60-ს.