"ოცნება" ევროპული და დემოკრატიული პირობებით მოვიდა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რა მდგომარეობაში ვართ - ოთარ ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტების ფონზე, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი დარჩა ერთადერთ ინსტიტუტად, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსა და ქართველ ხალხს წარმოადგენს.
როგორც ოთარ ზურაბიშვილი აცხადებს, პრეზიდენტის მიერ ევროპელ ლიდერებთან გამართული აუდიენცია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნისთვის.
ამასთან, ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ 2012 წელს "ქართული ოცნება" ევროპული და დემოკრატიული დაპირებებით მოვიდა, თუმცა ახლა საზოგადოება კარგად ხედავს, თუ სად დგას მმართველი ძალა.
პრეზიდენტი რჩება უკანასკნელ ორგანოდ, რომელიც წარმოადგენს საქართველოს და ქართველებს. ვიცით, რომ ევროპული და დემოკრატიული პირობებით მოვიდა "ოცნება", მაგრამ ვხედავთ დღევანდელ დღეს, რა მდგომარეობაში ვართ. არც ევროპა, არც დემოკრატია. დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრები რაც იქნება პრეზიდენტის მიერ განხორციელებული, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ახლო მომავლისთვის", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.