"რახან დევნილი ხართ, თქვენი მონაცემები არ გადმოგვაწოდეს" - ემიგრანტები საკუთარ თავს საერთო საარჩევნო სიაში ვერ პოულობენ

01.10.24 00:23
"რახან დევნილი ხართ, თქვენი მონაცემები არ გადმოგვაწოდეს" - ემიგრანტები საკუთარ თავს საერთო საარჩევნო სიაში ვერ პოულობენ

ემიგრანტები საკუთარ თავს საერთო საარჩევნო სიაში ვერ პოულობენ - ამ პრობლემის შესახებ ერთ-ერთმა ემიგრანტმა, ეკა თოფურიამ "პირველი ხაზის" ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება, თუმცა საერთო საარჩევნო სიაში მისი სახელი და გვარი მაინც არ იძებნება. 

ეკა თოფურიას თქმით, მსგავსი პრობლემა ეხება, როგორც დევნილ ემიგრანტს, ასევე პირებს, რომელთაც პასპორტი ახლახან შეცვალეს. 

რეგისტრაცია გავიარე, საკონსულო აღრიცხვაზე ვდგავარ. არასდროს არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ ჩემი თავი გადამემოწმებინა საერთო სიაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიქნებოდი. 10 დღის წინ გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ საერთო სიაში არ ვიძებნები. პირველი ჩემი რეაქცია იყო, რომ დავრეკე ცესკოში. ჩემი მონაცემების გადამოწმების შემდეგ მითხრეს, ქალბატონო ეკა, რახან დევნილი ხართ სოხუმიდან, ამიტომ თქვენი მონაცემები არ გადმოგვაწოდეს და არ ბრძანდებით სიაშიო. წინა არჩევნებში არ მიმიღია მონაწილეობა, მაშინაც არ ვიყავი სიაში ,მაგრამ საკონსულო აღრიცხვაზე ყოველთვის ვიდექი. 

პრობლემა იმაშია, რომ მარტო დევნილებს არ ეხება ეს პრობლემა, ეხებათ იმას, ვისაც არ აქვთ ID- ბარათი, ეხებათ პირებს, რომლებმაც პასპორტი ახლახან შეცვალეს და პირებს, რომლებიც 18 წლის გახდნენ საზღვარგარეთ'',- ამბობს ეკა თოფურია. 

მსგავსი სიახლეები