კუპრაშვილი თვლის, რომ მისი პრესკონფერენციის განათება ქვეყნის რეპუტაციასთან პირდაპირ კავშირშია
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მისი პრესკონფერენციების გასანათლებლად ე.წ. პროჟექტორებს ითხოვს.
24 სექტემბრით დათარიღებულ წერილში რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს წერს, რომ სპეც. ბრიფინგის მოსაწყობად ბიუროს განათების და გახმოვანების სისტემის მოწყობის მომსახურების შესყიდვა ესაჭიროება.
მეტიც, წერილში კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ თუ მას გამოსვლებს უფრო უკეთ არ გაანათებენ, საქართველო საერთაშორისო რეპუტაციას საფრთხე შეექმნება.
- აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სპეც. ბრიფინგის ჩატარება წარმოადგენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესს. ანალოგიური შინაარსის ბრიფინგის მაღალ დონეზე ჩატარება (ვიზუალურ/ხმოვანი გაფორმება, პირდაპირი სატელევიზიო ეთერი) მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის"- აღნიშნულია წერილში.
რა კავშირი აქვს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და რაჟდენ კუპრაშვილის განათებას - ეს კითხვა "პირველებმა" ანტიკორუფციული ბიუროს შეფს დაუსვა.
რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ სპეციალური ტექნიკის განთავსება ჟურნალისტებმა ურჩიეს.
ეს არის ჟურნალისტების მოთხოვნა, როცა ბრიფინგს აკეთებ, უნდა იყოს სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი იქაურობა. შესყიდვებს გააჩნია თავისი პროცედურები. გამჭვირვალეა ყველა ჩემი პროცედურა, ნუ გაღიზიანებთ ის, რომ კანონს ზუსტად ვასრულებ.
ასე უნდა შესრულდეს კანონის ყველა მოთხოვნა. რატომ ხართ გაკვირვებული, რომ კანონის მოთხოვნებს ვასრულებ?
თქვენი სარედაქციო პოლიტიკა ბევრ რამეს ვერ იგებს და სჯობს, გაიგოთ. არ გრცხვენიათ, რომ ასეთ პერფორმანსს დგამ. განცხადება მომზადებულია კანონთან სრულ შესაბამისობაში და წაიკითხეთ კარგად, - ამბობს კუპრაშვილი.