"ოცნებამ" ხალხი მიატოვა - ბადრი ბასიშვილი

01.10.24 14:40
 "ოცნებამ" ხალხი მიატოვა - ბადრი ბასიშვილი

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ბადრი ბასიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, ადგილობრივ ნოდარ გოდელაშვილის ეზოში მასპინძელთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი "ოცნებისგან" მიტოვებულია და ამის მაგალითი სწორედ გოდელაშვილის ოჯახი.

ასიათასობით ჩვენი მოქალაქე იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და ბატონი ნოდარის მაგალითი ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ოჯახები საქართველოში: მისი ოჯახის 10 წევრიდან დღეს, სამწუხაროდ, 9 ემიგრაციაშია და ბატონი ნოდარი მარტო დარჩა ამ სახლში, რომელიც, ფაქტობრივად, თავზე ენგრევა. 
ამიტომ, ჩვენი მიზანია, 26 ოქტომბრის შემდეგ, ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ერთ მილიარდიანი ფონდიდან დავეხმაროთ ჩვენს ემიგრანტებს, რათა დაბრუნდნენ სამშობლოში. 

ჩვენ მათ შევუქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები, რათა არჩინონ ოჯახები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა დარჩება კატასტროფული, რადგან არის მუნიციპალიტეტები, სადაც 7-ჯერ და 10-ჯერ არის შემცირებული შობადობა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი შეფასებები და მე დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ეს კატასტროფული სიტუაცია შეიცვლება და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გადარჩება, - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა

გორის რაიონის სოფელ სვენეთში მცხოვრები ნოდარ გოდელაშვილის თქმით, ხუთ წელზე მეტია, თავისი ოჯახის 9 წევრი არ უნახავს.

"ხუთი წელიწადი ხდება, ოჯახი არ მინახავს, მეხუთე წელია, ბავშვებს დანატრებული ვარ. განა ისე არის, რომ ინტერნეტი ჩართო და ფეისბუქზე ან სხვაგან უცქირო - ფინანსებიც არ არის, რომ ინტერნეტი ჩავრთო. ორი წლისა ხდება ერთი შვილიშვილი, მეორე წლისა - თვალითაც არ მინახავს ჯერ. აგერ, ამ სახლს რომ ხედავთ, 40 განცხადება მქონდა დაწერილი მერიაში, წინა მერით დაწყებული, ხინჩეგაშვილით დამთავრებული. რამდენჯერაც ჩავედი, მეუბნებოდნენ, ფინანსები არა გვაქვსო და მე ის მიკვირს, თუ ფინანსები არა აქვთ, ამ მილიონნახევრიანი მანქანებით როგორ დარბიან? ხომ უნდა გამოუყონ ბიუჯეტიდან ხალხს და ხომ უნდა გაუწიონ თანადგომა? 

ან კიდევ, 2011 წელს რომ გვპირდებოდა, ქარხნებს გავხსნი, სად არის? ერთი ქარხანა მანახონ გორში, რომ მივიდეს ადამიანი და იმუშაოს, რომ მე ჩემი ცოლ-შვილი არარ გამეშვა ემიგრაციაში და ყოფილიყვნენ ჩემთან ერთად. 

ამ ნაბიჯის გადადგმა გაჭირვებამ მაიძულა, რადგან ბავშვებს ვერაფერს ვერ ვუკეთებდით: საჭმელი უნდა, ტანსაცმელი, სკოლაში ჩანთა უნდა, წიგნი უნდა და ყველაფერი ფული ღირს,- განაცხადა ადგილობრივმა ნოდარ გოდელაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები