ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ეკა გიგაურის პირველი კომენტარი

01.10.24 16:34
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ეკა გიგაურის პირველი კომენტარი

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს“ - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

გიგაური ელოდება, რას იზამს ანტიკორუფციული სამსახური პრემიერის მოწოდების შემდეგ, თუმცა, ფაქტს უკან დახევად აფასებს. 

უნდა დაველოდოთ, რას გააკეთებს ანტიკორუფციული ბიურო. ვფიქრობ, მიხვდნენ, რომ აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო ანტიკორუფიცულმა ბიურომ, არანაირი საუფუძველია არ ჰქონდა და გაუჭირდებოდათ ახსნა. ეს უკან დახევაა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვნახოთ, რას იზამს ბიურო.

მთავარია, ვიცოდეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ყველა მოქლააქემ უნდა იცოდეს, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა მარტივი არაა, მაგრამ თუ ვიქნებით მოტივირებულები და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შედეგი ექნება. ვნახოთ, რას იტყვის ბატონი რაჟდენი“,- განაცხადა გიგაურმა.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერმა განცხადება გაავრცელა და ანტიკორუფციულს მოუწოდა, გადახედოს მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას.

პრემიერის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადებას "კანონის უზენაესობა" უწოდა. "ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი" - ამბობდა კუპრაშვილი რამდენიმე საათის წინ, როცა "პირველების" ჟურნალისტმა მას საერთაშორისო კრიტიკა შეახსენა. 

  • 2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.
  • 30 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან და ხმების დასაცავად ინდივიდუალურ მუშაობას გააგრძელებენ.
  • ამასთან რამდენიმე სააათის წინ, ცნობილი გახდა რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

მსგავსი სიახლეები