ხელისუფლებამ უკან დაიხია - ნინო ლომჯარია
“როგორც ჩანს, საერთაშორისო რეაგირება იყო ძალიან მწვავე და შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას მოუწია უკან დახევა“ - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმის - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია.
ლომჯარიას თქმით, “პრემიერის მითითება ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მიღებული.“
პრემიერ- მინისტრმა მიუთითა, რომ გააუქმოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სხვა პირებთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, იმას, რომ გადაწყვეტილება არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მიღებული.
რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც უკან დახევას, ხელისუფლების მხრიდან. თავადვე საუბრობს პრემიერი, ამ სტანდარტით პარტიად და კანდიდატად შეიძლება გამოცხადდეს ნებისმიერი მოქალაქე და ორგანიზაცია, რომელიც საჯაროდ აფიქსირებს ნებისმიერ საკითხზე თავის პოზიციას.
როგორც ჩანს, საერთაშორისო რეაგირება იყო ძალიან მწვავე და შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას მოუწია უკან დაწევა“,- განაცხადა ლომჯარიამ.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერმა განცხადება გაავრცელა და ანტიკორუფციულს მოუწოდა, გადახედოს მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას.
პრემიერის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადებას "კანონის უზენაესობა" უწოდა. "ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი" - ამბობდა კუპრაშვილი რამდენიმე საათის წინ, როცა "პირველების" ჟურნალისტმა მას საერთაშორისო კრიტიკა შეახსენა.