ამ გარდამტეხ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის - პრეზიდენტი
ამ გარდამტეხ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის, არჩევანს გააკეთებს მშვიდობიანი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლის სასარგებლოდ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სალომე ზურაბშვილმა ანჯეი დუდას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის “მჭიდრო კავშირი გაგრძელდება და კიდევ უფრო გარღმავდება.“
დღეს საქართველოსა და მისი მომავლისთვის გარდამტეხი პერიოდია. საქართველო ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, როგორც წარსულში (ყველა იმ მომენტში, როცა გადამწყვეტი არჩევანი იყო გასაკეთებლი) გააკეთებს საკუთარ არჩევანს მშვიდობიანი და ევროპული დამოუკიდებელი მომავლის სასარგებლოდ.
ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა. სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ორიენტირებული იქნება თავისი ევროპული მომავლისკენ და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ, რაც დღეს გაყინული და შეჩერებულია.
ბატონ პრეზიდენტთან ძალიან დიდი იმედი გამოვთქვი, რომ საქართველო არამხოლოდ დაუბრუნდება ამ გზას, ძალიან სწრაფად შეუდგება ყველა საჭირო გადაწყვეტილებების მიღების გზას, რათა ევროპის გზაზე დავიბრუნოთ ის ადგილი, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებებს გაგვიხსნის, არამედ, ეს მოხდება სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც მომავალი წლის იანვარში იწყება და მომავალი წლის ივნისის ბოლომდე გასტანს. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ის კანონი და ყველა ის გადაწყევტილება, რომელიც მიგვიყვანს სწორედ ევროკავშირის კარამდე. და თუ ჩვენ ეს გზა სწრაფად გავიარეთ, ვიცი, რომ პოლონეთი ჩვენს გვერდით იქნება, როგორც აქამდე, ყველა ჩვენი ევროპული ნაბიჯის დროს და იქაც, პოლონეთის თავმჯდომარეობა ჩვენი მხარდამჭერი იქნება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.