"ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ" საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს

02.10.24 12:04
"ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ" საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთი პასუხი "ქართულ ოცნებას" - საელჩო ამჯერად მმართველი პარტიის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას განცხადებით ეხმაურება. 

საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ქარდს აქვეყნებს და წერს, რომ ქართული ოცნების მხრიდან ცრუ განცხადებები ისმის. 

საელჩო აღნიშნავს, რომ "ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა": 

"ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა" - ნათქვამია საელჩოს პასუხში. 

ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წელია,  ISFED-ს  2020 წლის არჩევნების პარალელური ხმის დათვლის [PVT] შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. 

ივანიშვილის პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ მიზანი არეულობის გამოწვევა იყო. 

30 სექტემბერს აშშ-ს საელჩო წერდა, რომ "მეორე ფრონტთან" დაკავშირებულმა ბრალდებებმა ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში თავი ისევ იჩინა.