სანიკიძე: კარპენტერის პოზიცია გასაკვირი არ არის, არაერთგზის ყოფილა მათგან მსგავსი პოზიცია, აშშ ნამდვილ ჭეშმარიტებას უსაბუთებს ჩვენს ხელისუფლებას
„მაიკლ კარპენტერის პოზიცია ნამდვილად არ არის გასაკვირი, არაერთგზის ყოფილა მათგან მსგავსი პოზიცია, რადგან „ქართული ოცნება“ უხვევს ჩვენი ერის ისტორიულ არჩევანს", -ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ მაიკლ კარპენტერის განცხადებაზე განაცხადა.
სანიკიძის თქმით, აშშ ნამდვილ ჭეშმარიტებას უსაბუთებს ჩვენს ხელისუფლებას, რომ თუ კი საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, არჩევნებიც დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.
ამერიკის შეერთებული შტატებისგან ეს პოზიცია ნამდვილად არარის გასაკვირი. მათ არაერთგზის აქვთ დაფიქსირებული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ასევე, რაც მთავარია „ქართული ოცნება“ არღვევს ადამიანის უფლებებს, მიდის ქართველი ერის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ და ამ ვითარებაში ამერიკელი ხალხი ,ამერიკის ხელისუფლება როგორც ყოველთვის ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დგას ჩვენი ხალხის გვერდით, ისინი არასდროს არ ირჩევენ ხელისუფლების პოზიციას, არ დგანან ხელისუფლების მხარეს, ისინი მკაფიოდ აცხადებენ, რომ ყოველთვის დგანან ქართველი ხალხის მხარეს და ნებისმიერი ადამიანი თუ ოფიციალური პირი, რომელიც დღეს წარმოადგენს ქართველი ხალხის პოზიციას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც საუბრობს საქართველოში დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილებასთან მიმართებაში, რომ დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია და ახალი კოალიციური პროდასავლური ხელისუფლება, გასაკვირი არ არის, რომ აშშ მათთან საუბრობს და აცნობს მათ მომავალ ნაბიჯებს და პოზიციებს.
მაიკლ კარპენტერს დღეს აშშ-ის ხელისუფლებაში აქვს ძალიან დიდი გავლენა, უშუალოდ ჩართულია სანქცირების პროცესთან დაკავშირებით, ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე იმყოფებოდა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე აშშ-ში, სადაც ქალბატონი კამალა ჰარისი და ბატონი დონალდ ტრამპი დასახელდნენ პრეზიდენტობის კანდიდატად და მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ კარპენტერი, არამედ სრულად როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტია მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირისკენ და გამოხატავენ იმ საგანგაშო სიგნალებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ნაბიჯების მიმართ არსებობს, რომ მათ გადაუხვიეს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზას, ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის გაფრთხილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე იღებს. დემოკრატიული საზოგადოებისგან ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, ნამდვილ ჭეშმარიტებას უსაბუთებენ ჩვენს ხელისუფლებას, რომ თუ კი ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, არჩევნებიც უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად, ამიტომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ
შეგახსენებთ, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის კითხვის პასუხად რომელიც ბიძინა ივანიშვილის მმართველობასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანას 180 გრადუსით აშორებს ევროინტეგრაციიდან და რომ აშშ გააგრძელებს ზომების მიღებას, "თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი".