პრემიერი: ზურაბიშვილი გერმანიაშიც ნებართვის გარეშე წავიდა
"ოცნება" საქართველოს პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტის გამო ისევ აკრიტიკებს - ქვეყნის პრემიერმა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის გარეთ საარჩევნო აგიტაციაში დასდო ბრალი.
მთავრობის მეთაური მედიასთან ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტმა სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრით, არა მარტო საქართველოს არამედ უცხო ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
გერმანიაში იკრძალება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების აგიტაციის ჩატარება და როგორც ჩანს, გერმანულმა მხარემ პასუხისხმგებლობა აიცილა თავიდან, რაც უკვე კარგია. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ყველას, რომ თავად გერმანელებს საკუთარი სამართლებრივი აქტებით აქვთ აკრძალული, შეზღუდული შესაბამისი თანხმობის გარეშე იმის დაშვება, რომ ვიღაცამ გერმანიის ტერიტორიაზე ჩაატაროს საარჩევნო აგიტაცია. ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს, გერმანული კონსტიტუციის უპატივცემულობას", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა დღეს იერიში მიიტანა ევროსაბჭოს პრეზიდენტსა და ევროკომისარზეც და თქვა, რომ შარლ მიშელს, რომელიც ამ წუთებში, სალომე ზურაბიშვილს ხვდება და ურსულა ფონ დერ ლაიენს "ღირებულებითი პრობლემა" აქვს.
რაც შეეხება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვიზიტი არის არაკონსტიტუციური. ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში ხვდებიან სალომე ზურაბიშვილი, ისინი გამოხატავენ უხეშ უპატივცემულობას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უბნდა დაიცვან არა მარტო საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტიორებმაც, რაც სამწუახროდ ასე არ ხდება, ეს მეტყველებს გარკვეულ ღირებულებით პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეიმჩნევა. როდესაც პატივს არ სცემ კონსტიტუციას, ეს არის ამ ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის მიმართ უპატივცემულობა", - განაცხადა პრემიერმა.