ხაბეიშვილი: ბატონი რაჟდენი მზადაა, შეასრულოს ნებისმიერი დავალება კობახიძის მხრიდან, ყველამ ნახა, რომ ეს კონკრეტული სამსახური იარაღია ხელისუფლების ხელში
"ბატონი რაჟდენი მზადაა, შეასრულოს ნებისმიერი დავალება კობახიძის მხრიდან, ყველამ ნახა, რომ ეს კონკრეტული სამსახური იარაღია ხელისუფლების ხელში, მაგრამ დავინახეთ, რომ ივანიშვილის პარტიას შიში შეეპარა", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, 26 ოქტომბერი ახლოვდება და ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი მიმართულებით გაუმძაფრდებათ შიშისა და მარცხის შეგრძნება.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ IT-სთვის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის ჯერ მინიჭებასთან, შემდეგ კი მოხსნასთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: "ბატონი რაჟდენი (ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილი) ნებისმიერ დაძახილზე მზადაა, შეასრულოს ნებისმიერი დავალება კობახიძის მხრიდან და ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ კუპრავილი სულ სხვაგვარად საუბრობდა, მაგრამ ვნახეთ, როგორ მოიქცა კობახიძის დავალების შემდეგ. ყველამ ნახა, რომ ბატონი რაჟდენი და ეს კონკრეტული სამსახური ინსტრუმენტია ხელისუფლების ხელში. ასევე, მე რაც დავინახე ამ მოქმედებაში, ისაა, რომ ივანიშვილის პარტიას შიში შეეპარა და რიხი მოაკლდა. სწორად ეშინიათ: 26 ოქტომბერი ახლოვდება და მაქვს ეჭვი, რომ კიდევ უფრო მეტი მიმართულებით გაუმძაფრდებათ შიშისა და მარცხის შეგრძნება", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო, თუმცა, 1-ელ ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულს მიმართა, ორგანიზაციისთვის სტატუსი მოეხსნა.