ხაბეიშვილი: ივანიშვილის ნება რომ იყოს, მაქსიმალურად დახურავდა საარჩევნო უბნებს იმ ემიგრანტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ხმის უფლება
"ემიგრანტების თემა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ძალიან მტკივნეულია, ისინი ამ თემაზე დებატებშიც კი არ შემოდიან არასდროს და ივანიშვილის ნება რომ იყოს, მაქსიმალურად დახურავდა საარჩევნო უბნებს იმ ემიგრანტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ხმის უფლება", - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა, პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრაზე ხელისუფლების რეაგირებას.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ემიგრანტებთან ნებისმიერი შეკითხვა არასდროს იქნება კანონდარღვევა.
"ქართულ ოცნებას" რა ჰგონია, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ხალხი რომ ემიგრაციაში გარბის, გაჭირვებას რომ გაურბის, ის ემიგრანტები ივანიშვილს დაუჭერენ მხარს? როგორ გაგვაღარიბე, რა კარგია, რომ გაგვაქციე ქვეყნიდან, როგორი მადლიერები ვართ, რომ შვილები დავტოვეთ და ამიტომ თქვენ დაგიჭერთ მხარსო? გვესმის, რომ ივანიშვილს ემიგრაციის ეშინია, იმიტომ რომ ეს ხალხი მისი პოლიტიკის შედეგად წავიდა ქვეყნიდან, დატოვა ოჯახები, ვერ ნახულობენ შვილებს, დას, ძმას და ამიტომ, რა არის არანორმალური იმაში, რომ ემიგრაციის 90% წინააღმდეგია ივანიშვილის? რატომ აქვთ წარმოდგენა, რომ შეიძლება ემიგრანტებმა მათ დაუჭირონ მხარი? მოდი, ამ თემას შეეშვან, რა, არ არიან მანდ ძლიერები. მე გუშინ ვნახე, ბადრი ბასიშვილმა გაგვაცნო ოჯახი, რომლის 10 წევრიდან 9 ემიგრაციაშია და ასეთი ოჯახები ბევრია, ამიტომ ფაქტია, რომ ემიგრანტების თემა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ძალიან მტკივნეულია, ისინი ამ თემაზე დებატებშიც კი არ შემოდიან არასდროს და ივანიშვილის ნება რომ იყოს, ვისაც აქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობის, მაგათაც არ მიაღებინებდა და მაქსიმალურად დახურავდა საარჩევნო უბნებს ემიგრანტებისთვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ იმ უბნებზე, რომლებიც გახსნილია ემიგრაციაში, მაქსიმალური გამოცხადება იქნება", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა