კობახიძის პასუხი მოშიმშილე შუქრუთელებს და მინიშნება არჩევნებზე

02.10.24 16:49
კობახიძის პასუხი მოშიმშილე შუქრუთელებს და მინიშნება არჩევნებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შუქრუთელების უწყვეტი პროტესტი, რომელიც 190 დღეზე მეტია მიმდინარეობს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს.

"ქართული ოცნების" ლიდერმა განაცხადა, რომ შუქრუთელების პრობლემას მომავალ ბრიფინგამდე უფრო სიღრმისეულად შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში ნაბიჯებსაც გადადგამს. 

მე ზოგადად იცით, რომ არასდროს, აქ დროის ამბავი არ არის, არასდროს არ მოვრიდებივარ შეხვედრებს, მაგრამ რა ინფორმაციაც მეც მქონდა და ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ კომპანიის ინფორმაცია, ძირითადად სამი პირი იყო ჩართული, ყოველ შემთხვევაში თავიდან. ახლა არ ვიცი როგორ არის, ამ აქციის ორგანიზებაში. ხშირად ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს ასეთი აქციები, რაც სამწუხარო მოვლენაა ზოგადად, ასე ვიტყოდი. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მათ შორის რაც გადავამოწმე, ეს არ არის მარტო კომპანიის ინფორმაცია, ერთ-ერთ პირს ჰქონდა 80 000 ლარი აღებული კომპენსაცია, მეორეს 50 ათასი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მიღებული, ჩაბარებული, ამის მიუხედავად მოვიდა არჩევნები და… ეს არის ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს...

გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალურად მოვიძიებ ინფორმაციას, შეგვიძლია ერთმანეთშიც გავცვალოთ ეს ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ნაბიჯებიც გადაიდგმება, მაგრამ გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალური ინფორმაციით წარვდგები...

თუ პოზიციები არის სწორი და სიმართლე არის აქციის მონაწილეების მხარეს და პლუს არ არსებობს რესურსი, რომ მოგვარდეს კომპანიასა და ამ პირებს შორის, ამ შემთხვევაში საჭიროა შეხვედრა, მაგრამ თუ სხვა რესურსი არსებობს, ამ შემთხვევაში ჯობია, რომ კომპანია და შესაბამისი პირები მოგვარდნენ ერთმანეთთან," - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. 

კერძოდ, შუქრუთელები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები, ამიტომ ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. 

მსგავსი სიახლეები