სამართლებრივი დავა გრძელდება - ოპოზიცია საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნაზე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ქართველი ემიგრანტებისთვის სამართლებრივ დავა გრძელდება - საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ, საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნაზე გადაწყვეტილებას ოპოზიცია ასაჩივრებს.
ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში შესვენება გამოცხადდა და სხდომათა დარბაზი "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ დატოვა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "პირველებთან" საუბრის დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროცესზე წარდგენილი მტკიცებულები დაუწუნა და იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლეთა კოლეგია ემიგრანტებს კონსტიტუციით გარანტირებული ხმის უფლების გარეშე არ დატოვებს.
მეტიც, როგორც თამარ კორძაიამ განაცხადა, სასამართლო პროცესზე, ახსნა-განმარტების ეტაპზე, ცესკო ამტკიცებდა, რომ საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარება მათი კომპეტენციის ფარგლებში, თითქმის, არ ჯდება.
ყველაზე საინტერესო ახსნა-განმარტების ეტაპზე აღმოჩნდა ის, რომ ცესკო ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარება არ არის, თითქმის, მისი კომპეტენცია, რადგან ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ მოგვცემს სიას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების, ამაზე ვართ მთლიანად დამოკიდებულიო. მაგრამ, კითხვა არსებობს შემდეგი, როდესაც 32-ე მუხლის "ე" პუნქტი აძლევს ამომრჩეველს უფლებას საზღვარგარეთ, რომ საკონსულო აღრიცხვის გარეშე, უბანზე გაიაროს რეგისტრაცია, ასეთ შემთხვევაში რას აკეთებს ცესკო. ან წარმოიდგინეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო იქცევა ცუდად, არღვევს კანონს და ცესკოს ეუბნება, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის 50 ადამიანი დარეგისტრირებული და გამოდის, რომ არსად არ გახსნიან უბანს?
ამ პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. როდესაც, ერთი მხრივ, მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ 7 ოქტომბრამდე გაიარეთ რეგისტრაცია ან უკვე გახსნილ უბანზე, ან საკონსულოში, ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსულოში აღრიცხვაზე ყოფნა საერთოდ არ არის სავალდებულო და უბანზე გავლა ნიშნავს, რომ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვალდებულებაა.
ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სიების ფორმირებაზე გველაპარაკონ. ეს არ არის კავშირში უბნის გახსნასთან. ყოველ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. ცესკოს პასუხისმგებლობაც არის სიების ფორმირება და სპეცსიებში იმ ადამიანების შეყვანა, რომლებიც საზღვარგარეთ არიან ემიგრაციაში", - ამბობს თამარ კორძაია.
საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში, მხოლოდ 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრას ცესკოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
ოპოზიცია მოითხოვდა, რომ ემიგრანტებისთვის არა 60 არამედ უფრო მეტი უბანი გახსნილიყო საარჩევნოდ. თუმცა ცესკომ უკვე გადაწყვეტილება მიიღო და 65 ათასი ემიგრანტისთვის მხოლოდ 60 უბანი გაიხსნება.
ასევე დაპირისპირების საგნად იქცა ემიგრანტების რაოდენობაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე 128 ათასი ემიგრანტია დარეგისტრირებული საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა როგორც ცესკო ამტკიცებს, სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხოლოდ 65 ათასი ემიგრანტის ინფორმაცია გადასცა. თუ რატომ არ ემთხვევა ციფრები ერთმანეთს, ამის შესახებ პასუხი ცესკოს არ ჰქონდა.