რუსული კანონის მიხედვით, რეესტრში დაურეგისტრირებელი სუბიექტების დაჯარიმება დღეიდან იწყება - საკონსტიტუციო დუმს

03.10.24 11:24
რუსული კანონის მიხედვით, რეესტრში დაურეგისტრირებელი სუბიექტების დაჯარიმება დღეიდან იწყება - საკონსტიტუციო დუმს

რუსული კანონის მიხედვით, შესაბამის რეესტრში დაურეგისტრირებელი სუბიექტების დაჯარიმება 3 ოქტომბრიდან ანუ დღეიდან იწყება, საკონსტიტუციო სასმართლო კი განაჩენის გამოცხადებას პროცესიდან 1 თვის თავზეც არ ჩქარობს. 

 "პირველები" საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურს დღესაც ესაუბრა, თუმცა იქ ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, როდის გამოაცხადებენ მოსამართლეების გადაწყვეტილებას. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავისი დუმილით იმ დეპუტატების პოზიციას უერთდება, რომლებმაც რუსულ კანონს ხელი მოაწერეს. 

მინდა შევახსენო თითოეულ მოსამართლეს მისი პირადი პასუხისმგებლობა. ისინი შეუერთდნენ ამ გადაწყვეტილებით, ამ გასუსული მდგომარეობით „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებმაც ხელი მოაწერს ამ კანონს. ყოველი დღე, როდესაც თქვენ არ გამოგაქვთ გადაწყვეტილება კანონის შეჩერების შესახებ, არის საქართველოს მოქალაქეებისთვის წართმეული ათი ათასობით ევროპული დახმარება, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.

"მთის ამბების" ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონს არცერთ შემთხვევაში დაემორჩილებიან.

არაფერი ამ რუსულ კანონს არ უშველის, იმიტომ, რომ ის ბუნებით და სულისკვეთებით მთლიანად არის რუსული და ვერც სახელის, გვარის დაფარვა ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ვინც ვამბობთ, რომ რუსულ კანონს არ დავემორჩილებით, დავრჩებით იგივე აზრზე, რომ არ დავემორჩილებით. არა იმიტომ, რომ ვინმე კანონის დამორჩილებას არ აპირებს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის რუსული კანონის სულისკვეთებით და ჩვენ არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალებას, რომ მან ის გააკეთოს, რაც რუსეთის ხელისუფლებამ გააკეთა რუსეთში, - ამბობს გელა მთივლიშვილი. 

საკონსტიტუციო სასმართლოში რუსულ კანონთან დაკავშირებით 4 სარჩელია შეტანილი, მათ შორის სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს პრეზიდენტსაც.  

შეგახსენებთ, რუსული კანონის შესახებ სარჩელების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 1 სექტემბერს დაასრულა და დღემდე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ არის გასული. 

მსგავსი სიახლეები