არასამთავრობოების დაჯარიმება საარჩევნო გარემოს შეფასებაზე უარყოფითად აისახება - ლომჯარია რუსულ კანონზე
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოების და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წნეხის გამო ხელისუფლებამ რუსული კანონის ამოქმედება სრულფასოვნად ვერ მოახერხა. ლომჯარია პირდაპირ ამბობს, რომ თუკი "ოცნება" შესაბამის რეესტრში დაურეგისტრირებლობის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმებას დაიწყებს, ეს საარჩევნო გარემოს შეფასებაზე უარყოფითად აისახება.
უკვე ერთი თვე გავიდა და ხელისუფლებამ ვერ აამუშავა მთელი ძალით რუსული კანონი. როგორც ჩანს, აქაც ისინი ვერ გრძნობენ თავს მყარად, იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოების და ადგილზე სამოქალაქო საზოგადოების და საქართველოს მოქალაქეების რეაქცია არის ძალიან მწვავე ამ საკითხთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაიწყებენ დაჯარიმებას ამ ორგანიზაციების, ეს ძალიან უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოს შეფასებებზე, - ამბობს ნინო ლომჯარია.
რუსული კანონის მიხედვით, შესაბამის რეესტრში დაურეგისტრირებელი სუბიექტების დაჯარიმება 3 ოქტომბრიდან ანუ დღეიდან იწყება, საკონსტიტუციო სასმართლო კი განაჩენის გამოცხადებას პროცესიდან 1 თვის თავზეც არ ჩქარობს.