26 ოქტომბერს გადაწყვეტილია ბიძინა ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო ხელისუფლების გაშვება - სანიკიძე
"თუკი გვსურს ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, აუცილებელია ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით იცვლებოდეს" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ გააკეთა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ხელისუფლება ძალაუფლებას დაკარგავს და ხელისუფლებაში ახალი კოალიციური ხელისუფლება მოვა, სადაც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" ლოკომოტივის როლს შეასრულებს.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი (და ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დიდი ხნის წინ აქვს მიღებული და 26 ოქტომბერს ამას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს), ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, ხოლო დემოკრატიულ სახელმწიფოებში არჩევნები არ ყალბდება. ამიტომ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩვენი ევროპელი მეგობრები მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ თუკი ჩვენ გვსურს ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, აუცილებელია ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით იცვლებოდეს, ხოლო ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 26 ოქტომბერს გადაწყვეტილია ბიძინა ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო ხელისუფლების გაშვება და ახალი კოალიციური ხელისუფლების მოსვლა, სადაც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" ლოკომოტივის როლს შეასრულებს", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ შეხვედრაზე ევროპული მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: "ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.