"ღმერთმა დაგვიფაროს" - იან კელი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ შტატებს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი გააჩნია, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.
მეტიც, როგორც იან კელიმ აღნიშნა, ივანიშვილის ხელისუფლება შტატების მიმართ მტრული რიტორიკით გამოირჩევა, რომლის არ შეწყვეტის შემთხვევაშიც, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ვერ გაუმჯობესდება.
თუ საქართველოს მმართველი პარტია არ შემოაბრუნებს თავის ანტიდემოკრატიული მოქმედებების კურსს, როგორიც არის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები რამენაირად გაუმჯობესდება. იმის გამოხატვაც კი მიჭირს რამდენად დამაზიანებელი იყო მსგავსი რიტორიკა ჩვენი ურთიერთობისთვის. ქართველი მაღალჩინოსნები განაგრძობენ ტყუილის გავრცელებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ომის მსგავს ზრახვებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ უარვყავით, რომ გვსურს მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ შეურაცხყვეს მაღალი თანამდებობის პირები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. გასაკვირი არ არის, რომ ამაზე ნეგატიურად ვრეაგირებდით . არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ტყუილისა და შეურაცხყოფის შემწყნარებელი“, - განაცხადა იან კელიმ.