"ერთიანობის" კოალიციას ბილბორდების გამოკვრაზე უარს ეუბნებიან

03.10.24 13:50
"ერთიანობის" კოალიციას ბილბორდების გამოკვრაზე უარს ეუბნებიან

"აირჩიე ერთიანობა - მოიშორე "ქართული ოცნება" - თბილისის ქუჩებში ამ შინაარსის ბანერების გამოკვრას ითხოვდა ოპოზიცია, რაზეც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, "ვისოლ ჯგუფში" შემავალი კომპანია "ალმა პლუსისგან" უარი მიიღეს.

როგორც გაერთიანების ლიდერები "პირველებთან" განმარტავენ, "ალმა პლუსმა" საარჩევნო ბილბორდების გამოკვრაზე უარი განუცხადა და კოალიციას ბანერზე დატანილი ტექსტის შინაარსის შეცვლისკენ მოუწოდა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, თუ კონკრეტულად რომელი ნაწილია სარეკლამო კომპანიისთვის მიუღებელი, რადგან როგორც გაერთიანების ლიდერები აცხადებენ, სწორედ "ალმა პლუსია" ის კომპანია, რომელმაც "ქართულ ოცნებას" საბჭოთა კავშირის სტილში შესრულებული ბანერები გამოუკრა.

კოალიციის ლიდერებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ოპონენტებს "ვისოლ ჯგუფის" ხელით ებრძვის და ოპოზიციას ცენზურას უწესებს. 

დღეს დილით მე მათგან მივიღე პასუხი, რომ იმ ვიზუალით, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, ისინი ბანერს არ განათავსებენ, რაც არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული მიდგომა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ ზომას მივმართავთ, რომ ეს აღმოიფხვრას. იმ პირობებში, როცა ჩვენ ქალაქში ვხედავთ "ქართული ოცნების" რეკლამას, სადაც ისინი გამოიყენებენ მარიუპოლის ნანგრევებს, უკრაინაში სხვადასხვა ლოოკაციიდან დანგრეულ ტაძრებს თუ დაბომბილი სახლების ვიზუალებს, ჩვენ არ გვეძლევა კამპანიის ჩატარების საშუალება, სადაც მოვუწოდებთ ხალხს, რომ ხმა მისცენ "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას" და მოიშორონ "ქართული ოცნება", - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმა ჩიქოვანმა.