პრეზიდენტი რუსულ კანონსა და საკონსტიტუციოს გაჭიანურებულ გადაწყვეტილებაზე ქვეყნის გარეთაც საუბრობს
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Kyiv Independent-თან ინტერვიუში ისაუბრა.
პრეზიდენტმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ ხმამაღლა ისაუბრა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში შეტანილ სარჩელზეც და აღნიშნა, რომ მოსამართლეთა პლენუმი განაჩენის გამოცხადებას აჭიანურებს.
მე ამ კანონის წინააღმდეგი ვარ ზუსტად ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა. ეს კანონი ორჯერ გავაპროტესტე, ერთხელ შარშან აქციებზე და მეორედ ახლა. კანონს ვეტო დავადე. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოშია საჩივრის განხილვა, მაგრამ სასამართლო აჭიანურებს გადაწყვეტილების გამოცხადებას. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს კანონი ძალიან ჰგავს რუსეთში მიღებულ კანონს, რომლითაც სცადეს სამოქალაქო საზოგადოების ხმის ჩახშობა და ვფიქრობ, რომ იგივეს ცდილობენ საქართველოშიც. ეს ყველაფერი კი ხდება მაშინ, როცა საქართველოში არის მოახლოებული არჩევნები და სამოქალაქო საზოგადოებას აქვს განსაკუთრებულად დიდი როლი, რომ არჩევნების მიმდინარეობას თვალყური ადევნოს და მონიტორინგი გაუწიოს, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
რუსული კანონის მიხედვით, შესაბამის რეესტრში დაურეგისტრირებელი სუბიექტების დაჯარიმება 3 ოქტომბრიდან ანუ დღეიდან იწყება, საკონსტიტუციო სასმართლო კი განაჩენის გამოცხადებას პროცესიდან 1 თვის თავზეც არ ჩქარობს.