საკონსტიტუციო ზუსტად იმდენ ნაბიჯს გადადგამს, რამდენის უფლებასაც მისცემენ - ყოფილი მოსამართლე
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე ფიქრობს, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონთან დაკავშირებით, ის პოლიტიკურად მოტივირებული იქნება.
ერემაძე, რომელიც ახლა უკვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და მომჩივანიცაა, დარწმუნებულია, რომ სასამართლო ზუსტად ისეთ ნაბიჯს გადადგამს, როგორსაც მას ხელისუფლება უკარნახებს.
დღეს ჩემთვის, რა ტიპის გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ის შეაჩერებს კანონს სრულად-არ შეაჩერებს, თუ შეაჩერებს ნაწილს ნორმებისა, ძალიან ცხადია, რომ ეს ვერ იქნება თავისუფალ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლო გადადგამს ზუსტად იმდენ ნაბიჯს, რამდენის უფლებასაც მისცემენ ან რამდენსაც მოსთხოვენ და გააკეთებს ამას მაშინ, როდესაც ამის უფლებას მისცემენ, როდესაც ეტყვიან. ანუ, სასამართლო არ არის თავისუფალი არც იმაში, თუ რა შინაარსის გადაწყვეტილებას მიიღებს, არც იმაში, თუ როდის გააკეთებს ამას. ძალიან დასანანია, რომ ეს ტვირთი უნდა ატარონ არა მხოლოდ მოსამართლეებმა, პერსონალურად ამ მოსამართლეებმა, არამედ სასამართლომ. არ ვიცი, როგორ შეიძლება სასამართლო გათავისუფლდეს ამ ტვირთისგან. ძალიან ბევრი წლების განმავლობაში, მათ შორის, იმ წლებშიც, როდესაც თაობები შეიცვლება, იმიტომ, რომ ყოველთვის იქნება შესაძლებლობა, სასამართლოს მიუთითონ, რომ ეს ის ინსტიტუციაა, რომელმაც მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის კრიტიკულად აუცილებელი იყო საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება, მას შეეძლო გაეკეთებინა ძალიან ბევრი რამ და სასამართლომ მიზანმიმართულად არ გააკეთა, - ამბობს ქეთევან ერემაძე.
რუსული კანონის მიხედვით, შესაბამის რეესტრში დაურეგისტრირებელი სუბიექტების დაჯარიმება 3 ოქტომბრიდან ანუ დღეიდან იწყება, საკონსტიტუციო სასმართლო კი განაჩენის გამოცხადებას პროცესიდან 1 თვის თავზეც არ ჩქარობს.