ლევან სამუშია ჩხოროწყუს მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია ჩხოროწყუს მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და თავიანთი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
სამუშია მოსახლეობას, 26 ოქტომბრის შემდეგ, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
„ოცნების“ ხელისუფლების სახე ჩხოროწყუში, ეს არის კულტურის სახლი, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 5 მილიონი ლარი გამოიყო, მშენებლობა ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას დასრულება არ უწერია. ეს არის სწორედ იმ კორუფციის მაგალითი, რაც ხდება ჩვენს რეგიონებში. ჩხოროწყუში ათასობით უმუშევარი, 5 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი, ეს რა მასშტაბებზე საუბარი, ჩვენმა მოსახლეობამ კარგად იცის.
გასაოცარი ფაქტი მინდა გითხრათ, როდესაც რაიონში წვიმა მოდის, მოსახლეობას ეგზავნება შეტყობინება, რომ წყლის მიწოდება შეუწყდებათ. სათავო ნაგებობას პატრონი არ ჰყავს და ყველა წვიმა, ჩხოროწყუელებისთვის არის ტრაგედია.
“ძლიერი საქართველო“ ჰპირდება როგორც ჩხოროწყუს, ისე მთელ საქართველოს, რომ 26 ოქტომბერიდან, ის 200 ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც მოჰპარეს ჩვენს მოსახლეობას რუსულმა ხელისუფლებამ, აუცილებლად დაბრუნდება. აშენდება ანაკლიის პორტი. პენსია იქნება 1000 ლარი. ვიცით, რომ დიდი მუხტია, 26 ოქტომბერს ველოდებით რუსული ხელისუფლების დამარცხებას და გასტუმრებას ხელისუფლებიდან“,- განაცხადა სამუშიამ.