საჯარო მოხელეებისთვის პირადობის ჩამორთმევა სისხლის სამართლის დანაშაულია - სიორიძე

03.10.24 17:48
საჯარო მოხელეებისთვის პირადობის ჩამორთმევა სისხლის სამართლის დანაშაულია - სიორიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრის, ანა კობახიძის განცხადებას, რომ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური ჯგუფები საკრებულოებისა და გამგეობის თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს სთხოვენ და პერსონალურ მონაცემებს იწერენ, არაკანონიერ ფაქტად აფასებს. 

როგორც გიორგი სიორიძე აღნიშნავს, საჯარო მოხელეებისთვის პირადობის მოწმებების ჩამორთმევა არათუ კანონდარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია. 

ეს ატარებს მასობრივ ხასიათს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას. პირადობის მოწმობების ჩამორთმევა არის არათუ არაკანონიერი, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული. საჯარო მოხელეები, განსაკუთრებით, რეგიონებში, სადაც კერძო სექტორი არ არსებობს, არის დასაქმების მთავარი წყარო. ადამიანებს აქვთ დიდი შიში, რადგან არა მხოლოდ მუქარებს, არამედ სამსახურიდან გათავისუფლებას აქვს ხოლმე ადგილი. შესაბამისად, ეს ადამიანები არიან მოწყვლადი ჯგუფები იმ ქვეყანაში, სადაც არის გაბერილი შტატები, პრაქტიკულად, მესამედი დასაქმებულთა არის საჯარო სექტორში დასაქმებული და ამას ხელისუფლება იყენებს იმ მიზნით, რომ შემდეგ გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი ადამიანების დასაშინებლად და არჩევნებზე მათთვის სასურველი შედეგის მისაღწევად", - ამბობს გიორგი სიორიძე. 

ცნობისთვის, დღეს, 3 სექტემბერს,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა, ანა კობახიძემ განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური ჯგუფები საკრებულოებისა და გამგეობის თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს სთხოვდნენ და პერსონალურ მონაცემებს იწერდნენ.

მსგავსი სიახლეები