ლილუაშვილი პოლიტიკურ სცენაზე?
რა გეგმა აქვს პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს სუსი შეფთან დაკავშირებით? აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი სპეცსამსახურების ხელმძღვანელი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოიყვანოს? დღეს, ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლილუაშვილი, მოულოდნელად, აუშენებელი სასტუმროს პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ამ ღონისძიებას რომ ეკონომიკის მინისტრი დასწრებოდა, კითხვა არ გაჩნდებოდა, თუმცა სუსი შეფის გამოჩენამ კობახიძის გვერდით საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე გააჩინა ვერსია, ხომ არ იგეგმება პრემიერის ჩანაცვლება?
"ოცნების" ლიდერებს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ. პრემიერი და "ოცნების" გენერალური მდივანი "პირველების" კითხვას არ პასუხობენ. მმართველი პარტიის ახალი წევრი ლაშა ტალახაძე კი ამბობს, რომ არ იცის, რა გეგმა აქვს ივანიშვილს ლილუაშვილთან დაკავშირებით, თუმცა იცის, რომ საჭირო ადამიანია.
რა გეგმა აქვს არ ვიცი, რომ არ იყო საჭირო ადამიანი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ბატონო ბიძინა არ გადადგამს ამ ნაბიჯს, - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.
"ქართულ ოცნებას" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია. "პირველების" კითხვაზე, მიიღო თუ არა შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მთავრობის მეთაურობის კანდიდატად პარტია ისევ მას დაასახელებს, გუშინ, 2 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა. პრემიერმა თქვა, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილება ივანიშვილმა და პოლიტსაბჭომ უნდა მიიღონ და წინასწარ ის არ ისაუბრებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ირაკლი კობახიძის კრახით დასრულებული ვიზიტის შემდეგ პოლიტიკურ კულუარებში გაჩნდა ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა პრემიერის მუშაობით. სწორედ კობახიძის უხეირო ვიზიტის დროს დაანონსა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ივანიშვილი სანქცირების დოკუმენტი მზად არის.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.