ირაკლი კობახიძის კომენტარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების უმკაცრეს განცხადებაზე
საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების დღევანდელ განცხადებას არ ეთანხმება და მას კვლავ “გლობალური ომის პარტიის“ გავლენას აბრალებს.
კობახიძის მტკიცებით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ოცდაოთხმა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, თუნდაც 200 ან 600 წევრიც რომ ყოფილიყო. რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, რომელიც სავსეა ტყუილებით. ძალიან კარგად იცით, რომ მხოლოდ 3 კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში [მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი]…
სად იყო ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?! არ ყოფილა! ამიტომ არის სიცრუით სავსე. „გლობალური ომის პარტია“ ძალიან მარტივად ზემოქმედებს PACE-ს 24 წევრზე“, – აცხადებს კობახიძე.
"ოცნება არჩევნების მოსაპარად ემზადება" - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა გუშინ უმძიმესი განცხადება გამოაქვეყნეს. ევროსაბჭოს დამკვირვებლები პირდაპირ ამბობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის, ხელისუფლება კი ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთ ვითარებაში, არჩევნების შედეგებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება.