ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების უმკაცრესი გზავნილი - რას ამბობს კალაძე
კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების უმკაცრეს გზავნილს არანაირი ფასი არ აქვს.
თბილისის მერის მტკიცებით, ასეთი რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს.
“ევროსაბჭოს რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, თუ როგორ ხდება ამ რეზოლუციების შედგენა, პირდაპირ ფულის გადახდა ხდება კონკრეტულ ადამიანებზე, ეს არის ე.წ. ლობიზმი და რასაც უნდათ, ნებისმიერ თემას აწერინებენ. ეს დამოკიდებულება სამარცხვინოა და, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, ასეთი რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს. შესაბამისად, ჩვენ ხალხს, პირველ რიგში, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის ევროპა, ესენი არიან კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც ამ ყველაფერში იღებენ ფულს და აკეთებენ ამ ტიპის ბინძურ განცხადებებს. რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი, არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი უმსგავსო განცხადებების, რომლებიც არაფერზე არ არის დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება”, - განაცხადა კალაძემ.
"ოცნება არჩევნების მოსაპარად ემზადება" - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა გუშინ უმძიმესი განცხადება გამოაქვეყნეს. ევროსაბჭოს დამკვირვებლები პირდაპირ ამბობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის, ხელისუფლება კი ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთ ვითარებაში, არჩევნების შედეგებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება.