"ეს არის "ოცნების" გაფრთხილება, რომ წესიერად მოიქცნენ" - ოპოზიცია ევროსაბჭოდან წამოსულ უმკაცრეს გზავნილზე

04.10.24 11:25
"ეს არის "ოცნების" გაფრთხილება, რომ წესიერად მოიქცნენ" - ოპოზიცია ევროსაბჭოდან წამოსულ უმკაცრეს გზავნილზე

ევროსაბჭოდან წამოსული უმძიმესი გზავნილების შემდეგ, ოპოზიციამ განგაშის სიგნალი ჩართო. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლებას არჩევნების მიტაცება არ გაუვა, რადგან ხალხის ძალასთან დაპირისპირებაში გამარჯვებული არავინ გამოსულა.

უმწვავესი განცხადებაა. მსგავსი განცხადება არჩევნებამდე 3 კვირით ადრე არ მახსენდება და ამიტომაც არის ეს არჩევნები ისტორიული. ისტორიულია, რადგან მთელი პოლიტიკური სისტემა იცვლება. არჩევნების გაყალბების სურვილი და არჩევნების გაყალბება ორი სხვადასხვა რამ არის. ბევრ ხელისუფლებას სხვადასხვა სახელმწიფოში არჩევნების გაყალბების სურვილი ჰქონია, მაგრამ ხალხის ძალასთან დაპირისპირებაში დამარცხებული გამოსულა და გამონაკლისი ვერ იქნება ვერც ივანიშვილი", - აცხადებს ნიკა მელია. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ ასეთი მკაცრი წინასწარი გზავნილი არჩევნებთან დაკავშირებით, არ ახსენდება. დოლიძის თქმით, ეს განცხადება არის გაფრთხილება "ქართული ოცნების", რომ "წესიერად მოიქცეს"

რაც თავი მახსოვს და ვაკვირდები არჩევნებს, ასეთი მკაცრი წინასწარი განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით არ მინახავს. ასეთი მკაცრი ენით დაწერილი საერთაშორისო დონის განცხადება, სადაც თავმოყრილია  მოკლედ, ყველა ის ძირითადი დარღვევა, რასაც აქვს ადგილი. ძალიან სერიოზულია , აჩვენებს, რომ ამ არჩევნებს ჩვენი მეგობრები ძალიან სერიოზულად დააკვირდებიან. ეს არის გაფრთხილება "ქართული ოცნების", რომ წესიერად მოიქცეს", - ამბობს ანა დოლიძე. 

"ოცნება არჩევნების მოსაპარად ემზადება" - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა გუშინ უმძიმესი განცხადება გამოაქვეყნეს. ევროსაბჭოს დამკვირვებლები პირდაპირ ამბობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის,  ხელისუფლება კი ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთ ვითარებაში, არჩევნების შედეგებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება.