ცესკო დევნილ ემიგრანტებს კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს - ოპოზიცია
სახალხო დამცველის განცხადებას ოპოზიცია დადებითად აფასებს - საუბარია ლევან იოსელიანის მოწოდებაზე, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენი ცესკოს მოუწოდებს, დევნილი ემიგრანტების მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში შეიყვანოს.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ მოქმედიმ კანონი ბუნდოვანია.
მისასალმებელია, სახალხო დამცველის მოწოდება ცესკოსადმი, რომ დევნილის სტატუსის მქონე ემიგრანტებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, დევნილის სტატუსის ცვლილების გარეშე. ეს ცუდი კანონი თუ იძლევა ბუნდოვანებას, ამ შემთხვევაში ცესკომ ის სწორედ ამომრჩეველთა სასარგებლოდ უნდა განმარტოს და ემიგრანტებისთვის, რომლებიც არიან დევნილები და გაივლიან საკონსულო აღრიცხვის პროცედურას. ფაქტობრივ მისამართად უნდა განისაზრვროს საკონსულოს ტერიტორია, რათა მათ მიეცეთ 26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგიზ თევზაძე აღნიშნავს რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია დევნილ ემიგრანტებს კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია, ერთი მხრივ არ არეგისტრირებს საქართველოს მოქალაქეებს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში და, მეორე მხრივ, ზღუდავს მათ კონსტიტუციურ უფლებას, აირჩიონ საკუთარი საცხოვრებელი.
სამწუხაროა, საქართველოს სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, თხოვს მისამართიდან ამოწერას და მათი საცხოვრებლის შეცვლას.
გაუგონარი ამბავია, რუსული საქმის კეთებაა საქართველოში, ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს და უნდა დასრულდეს, რადგან ამ ადამიანებს, კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ"- თქვა მან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ნაწილი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკონსულო აღრიცხვაზეც დგანან და პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტიც აქვთ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.