არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს – ჰერჩინსკი

04.10.24 14:41
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს – ჰერჩინსკი

არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს.

ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება არჩევნებზე და თქვა, რომ მეტწილად, სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნების გადაწყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

„ამ მომენტში გიმეორებთ, რომ ჩვენი კარი გაიღო. ევროპული საბჭოა ის, ვინც გადაწყვიტა მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პირობებით. ეს პირობები უნდა შესრულდეს. მე მართლა გული მწყდება, რომ საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და მივედით იმ წერტილამდე, როცა ევროპული საბჭო იძულებული გახდა, შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

თუმცა ისევ ვამბობ, ჩვენ გელოდებით. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და ხმას მისცემთ 26 ოქტომბერს და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ძალიან სწრაფად განაახლებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, რათა ევროკავშირის მორიგი დიდი გაფართოების მატარებელმა არ გაგვასწროს, ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.