"სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი" - ევროკავშირის ელჩის პირველი შეფასება "ოცნების" საბჭოთა სტილის საარჩევნო ბილბორდებზე
"სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი" - ევროკავშირის ელჩის პირველი შეფასება "ოცნების" საბჭოთა სტილის საარჩევნო ბილბორდებზე. პაველ ჰერჩინსკიმ შეშფოთება ვერ დამალა, თუ როგორ იყენებს მმართველი პარტია ომში მყოფი ქვეყნის ტრაგედიას პოლიტიკური ქულების დასაწერად, ამიტომ ელჩმა დიპლომატიური ენა ცოტა ხნით დაივიწყა და ივანიშვილის გუნდს სათქმელი პირდაპირ უთხრა.
დიპლომატმა ხელისუფლებას გაახსენა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს უკრაინას საქართველოსთვის, უკრაინელი ხალხის თავგანწირვა კი მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.
თქვენ მკითხეთ ბილბორდებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ეს არის სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი. ჩვენ გვაქვს მშვიდობა ევროკავშირში, ჩვენ გვაქვს მშვიდობა საქართველოში უკრაინელი ხალხის თავგანწირვით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უსაზღვრო პატივისცემას", - განაცხადა ელჩმა.
ელჩის შეფასების პარალელურად, კი "ქართული ოცნების" წევრების ნაწილმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაც არ ისურვეს. თუმცა, ვინც ილაპარაკა, მან დიპლომატი, პრაქტიკულად, პოლიტიკურ ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.