"ოცნება" თითქმის ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუტს აკონტროლებს - გახარია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი "ქართულ ოცნებას" სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში ადანაშაულებს - გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ მმართველი პარტია ყველა ინსტიტუტს, მათ შორის, პროკურატურას, ცესკოსა და ეროვნულ ბანკს, აკონტროლებს.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობა შეიქმნება და პარლამენტში პლურალისტური გარემო დამყარდება, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, სახელმწიფო უწყებებს ხელს შეუწყობს საკუთარი ფუნქციის აღსრულებაში.
"ოცნება" თითქმის ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუტს აკონტროლებს. პროკურატურიდან დაწყებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიით და ეროვნული ბანკით დამთავრებული. "ოცნება" ისედაც აღჭურვილია უზარმაზარი ძალაუფლებით და რა პრობლემა აქვთ იმაში, რომ ქართველი ხალხის ნებას დაემორჩილონ, ვერ ვხვდები.
მე მგონია, რომ საქართველოს პარლამენტი როდესაც იქნება პლურალისტური და იქ იქნება სხვადასხვა პარტიები წარმოდგენილი, ისინი ეროვნულ ბანკს გააკონტროლებენ ისე და თავის მაკონტროლებელ ფუნქციას შეასრულებენ ისე, როგორც საჭიროა", - ამბობს გახარია.