გიორგი ნათენაძემ თავად გვიამბო, რომ ხელისუფლებამ შესთავაზა ამ თემის გააქტიურება – უშიკიშვილი
მომღერალი გიორგი უშიკიშვილის პასუხი ბიზნესმენ გიორგი ნათენაძეს - ფოლკლორის მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ გიორგი ნათენაძეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბიზნესი წაართვეს, პირადად ესაუბრა და დაადგინა, რომ ბიზნესმენს არანაირი სახის მტკიცებულება არ გააჩნია, რომლითაც წაყენებულ ბრალდებას დაადასტურებს.
მეტიც, როგორც გიორგი უშიკიშვილი აცხადებს, ნათენაძემ მას პირადად უამბო, რომ ამ თემის გააქტიურებას ხელისუფლება სთავაზობდა.
მე ვინც მიცნობს ყველამ იცის რომ ვარ სამართლიანი, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, რომელიც ჩემს მეგობრებს ეხება.
გიორგი ნათენაძეს ვიცნობ კარგად და უნდა აღვნიშნო რომ მის საქმიანობაზე ორი გადაცემაც კი მაქვს გაკეთებული. საკითხი რომელიც გიორგიმ ამ არჩევნების წინ წამოწია, ჩემთვის კარგად ცნობილია და ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ, ჩემთან შატოში სტუმრობის დროს, გიორგი თავად მესაუბრა. ჩვენ საუბარს მისი მხრიდან ესწრებოდა ჩვენი საერთო მეგობარი და კიდევ ერთი, ჩემი მეგობარი. ნათენაძე თავად მომიყვა ამ ეგრეთ წოდებული ბიზნესის წართმევის ფაქტთან დაკავშირებით და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია იმისა რომ მას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ქონება წაართვა. რაც მე მოვისმინე მისგან, ეს იყო ბიზნესთან დაკავშირებული ჩვეულებრივი დავა, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე პარტნიორებს შორის. უნდა აღვნიშნო რომ ის დღესაც ამ კომპანიის მეწილეა.
გიორგიმ თავად გვიამბო რომ ხელისუფლებისგან ჰქონდა შემოთავაზება ამ თემის გააქტიურებასთან დაკავშირებით, რაზეც ვუთხარი რომ ეს უსამართლობა იყო და არ უნდა გაეკეთებინა.
ამ თემაზე მე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ დღეს მისი განცხადება ვნახე…ვფიქრობ, რომ იმ დროს როდესაც გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევანთან ვდგავართ – ევროპა, ან რუსეთი – პროევროპული პოლიტიკური ძალის ლიდერებზე თავდასხმა არის რუსული სცენარით ნაკარნახევი…
ძალიან ვწუხვარ რომ გიორგიმ ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და ახლაც იგივეს ვეტყვი, რაც მაშინ – ხელისუფლება მას და ამ თემას სათავისოდ იყენებს, რაც მის სახელს სერიოზულ ზიანს აყენებს.” - წერს გიორგი უშიკიშვილი.