ოდიშარიას ცოლი ადასტურებს, რომ ჰამბურგში, პოლიციელებთან დაპირისპირების ამსახველ ვიდეოში მათი შვილიც ფიგურირებს

04.10.24 23:21
ოდიშარიას ცოლი ადასტურებს, რომ ჰამბურგში, პოლიციელებთან დაპირისპირების ამსახველ ვიდეოში მათი შვილიც ფიგურირებს

 

 

 

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიაშარიას მეუღლე, მაკუნა გამცემლიძე "სტუდია მონიტორთან" ადასტურებს, რომ გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ჩანს, თუ როგორ უპირისპირდებიან ქართველი ახალგაზრდები გერმანელ პოლიციელს, მათი შვილი, ლაშა ოდიშარიაც ფიგურირებს. 

– თქვენი შვილი არის ვიდეოში, რომელიც ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ „ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები“?

– კი და ანახებს საცხოვრებელ ნებართვას, რომ სტუდენტური „ფერმიშენი“ აქვს.

– საქართველოს პარლამენტს ახსენებს და რა კონტექსტში?

– საგარეოსაც ახსენებს და საკონსულოსაც ახსენებს. თუკი სადმე, რამე ორგანო გაახსენდა, ყველაფერს ახსენებდა, ისე შეეშინდათ ბავშვებს, რომლებიც მიდიოდნენ ქუჩაში, დაესხა პოლიცია და იჭერდა.

ძალიან გთხოვთ, ბავშვი მარტო არის რიგაში, სწავლობს, ძალიან კარგი სტუდენტია, ეგეც შეგიძლიათ მოიკითხოთ და ნუ აუშლით ნერვებს, ძალიან დამავალებთ. აჩვენებს თან მის საბუთს, რომ არ არის ჩვეულებრივი ტურისტი, - ამბობს მაკუნა გამცემლიძე „მონიტორის“ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს გერმანულმა მედიამ, “შპიგელმა” ჰამბურგის პოლიციის ვიდეო გამოაქვეყნა. მასში სამართალდამცავების ქალაქში გადაადგილება და მუშაობაა ასახული. ერთ-ერთი ეპიზოდი ჰამბურგის პოლიციის ქართველებთან ინციდენტს უკავშირდება, რომელშიც ქართველი ახალგაზრდა პოლიციას ეუბნება: “ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები… პრობლემები შეგექმნება”.