აშშ-ს ელჩი პირველად ყვება, რის გამო გაუუქმეს კობახიძეს პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე მიწვევა
საქართველოში ამერიკის ელჩი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში პირველად ყვება, რა ვითარებაში გადაწყვიტა თეთრმა სახლმა გაეუქმებინა ირაკლი კობახიძისთვის პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე მიწვევა.
რობინ დანიგანი ამბობს, რომ შტატებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი "წითელ ხაზებს უახლოვდება". ეს გზავნილი კი ვაშინგტონმა პირდაპირ მუქარად მიიღო და კობახიძე არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა.
აი, ნახეთ: პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ მიღებაზე მოსაწვევები გაავრცელა 11 სექტემბერს. 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა საჯარო განცხადებები გააკეთა, რომ მე ვუახლოვდები წითელ ხაზს და გააკეთა იმგვარი მინიშნება, რაც შეერთებული შტატების მიერ აღქმული იყო რაღაც ტიპის მუქარად ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით მოქმედებებზე. ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა მიიღეს გადაწყვეტილება 11 სექტემბერს გაცემული მოწვევის გაუქმებაზე. კიდევ ერთხელ: არის ეს ის მდგომარეობა, რომელშიც შეერთებულ შტატებს სურს ყოფნა? საქართველოს შემდგომი იზოლაცია მისი ყველაზე ძლიერი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან, ევროკავშირისგან, ევროკავშირის მიერ მუდმივად ლაპარაკი შეჩერებულ გაწევრიანების პროცესზე - ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო გზა ურთიერთობების სწორ გეზზე დასაბრუნებლად. ვფიქრობ, მთავრობამ იცის, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ და ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას გააკეთებენ.