"მონა-მორჩილები მოიკითხეთ სხვაგან" - ცესკოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ასობით დევნილი ემიგრანტისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების საკითხზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონები გაუთიშა.
სხდომაზე ხმაური ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ევროსაბჭოს კრიტიკული განცხადების წაკითხვას მოჰყვა, სადაც წერია, რომ ცესკო მმართველი პარტიის ქვეშ მოექცა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მძიმე წერილის წაკითხვამ გიორგი კალანდარიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.
"მონა-მორჩილები მოიკითხეთ სხვაგან" - უპასუხა გიორგი კალანდარიშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების წაკითხვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ცესკოს თავმჯდომარემ დღის წესრიგში არ დააყენა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგში ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები გაეხსნათ.
მიუხედავად ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა, რომ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არსებობს, გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს წევრების ნაწილი ამტკიცებდა, რომ წარმოდგენილი ფაქტები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ საფრანგეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემის კანონიერი უფლება ჰქონოდათ.
- ცნობისთვის, ემიგრანტებმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგეს, რომ საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევის და უკიდურესი გაჭირვების გამო ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. მიზეზი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართის არარსებობაა.
- პირები, ვისაც იურიდიული რეგისტრაცია აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში აქვთ, საარჩევნო სიაში საერთოდ არ იძებნებიან.