საგანგებო ბრიფინგი ცესკოში - კალანდარიშვილმა დევნილი ემიგრანტებისთვის საარჩევნო პროცედურები განმარტა

05.10.24 16:25
საგანგებო ბრიფინგი ცესკოში - კალანდარიშვილმა დევნილი ემიგრანტებისთვის საარჩევნო პროცედურები განმარტა

ქართველი დევნილი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განმარტა, რომ ადამიანებს, რომელთა იურიდიული მისამართები ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, ან/და გაურკვეველია, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ენიჭებათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ.

ამასთან, საყურადღებოა, რომ 26 ოქტომბერს ხმის მისაცემად ქართველ დევნილ ემიგრანტებს თან უნდა ჰქონდეთ იურიდიული ძალის მქონე საქართველოს პირადობის მოწმობა, ან საქართველოს პასპორტი.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

შესაბამისი დადგენილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით მივლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, ან შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში.

ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ იურიდიული ძალის მქონე საქართველოს პირადობის მოწმობა, ან საქართველოს პასპორტი. ცესკომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას", - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი. 

მსგავსი სიახლეები