ექსკლუზივი: პრეზიდენტი საუბრობს იმ გარანტიებზე, რომელიც ევროკავშირისგან მიიღო

05.10.24 20:03
ექსკლუზივი: პრეზიდენტი საუბრობს იმ გარანტიებზე, რომელიც ევროკავშირისგან მიიღო

 

 

პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუ - ევროპული ტურნედან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი პირველ ინტერვიუს "ნოდარ მელაძის შაბათს" აძლევს. 

პრეზიდენტი საუბრობს იმ გარანტიებზე, რომელიც ევროკავშირისგან მიიღო. სალომე ზურაბიშვილი იქვე ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული. 

პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპელ ლიდერებს კონკრეტული მისიით შეხვდა და მიეღო გარანტიები, რომ თუ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდება, ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდება, რომელიც მისივე შეფასებით, ქვეყანას "ქართულმა ოცნებამ" "გამოგლიჯა".

ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირის ლიდერები გადამწყვეტი არჩევნების შედეგებს ელოდებიან, გაწევრიანების ფანჯარა კი, რომელიც უკრაინასთან ერთად გაიხსნა, დახურული არ არის. 

მე მინდოდა სწორედ ამ მომენტში, როცა ვემზადებით არჩევნებისთვის, გამეგო და მეთხოვა მათგან, რომ როცა საქართველოს მოსახლეობა თავისას იტყვის და დაადასტურებს იმას, რაც ადრე თქვა ქუჩაში, მაგრამ ახლა დაადასტურებს საარჩევნო ურნაში, რომ საქართველოს მოსახლეობა რჩება ევროპის მომხრედ. დაგვაბრუნებენ ჩქარა იმ გზაზე, საიდანაც მოგვგლიჯა ოცნებამ. ეს დასტური მივიღე. რომ ის გზა არის შეჩერებული მხოლოდ, ჩვენი გადასაწყვეტი არის, არავინ არაფერში ერევა არჩევნებამდე. 

ყველა ჩვენ გველოდება არჩევნებამდე. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ამ გზას დაუბრუნდება, უნდა ეს გზა თუ არ უნდა?! და თუკი გვინდა, რაშიც დარწმუნებული ვარ, ეს გზა გველოდება და გველოდება იმავე ტემპით რაც უნდა ყოფილიყო - ანუ აჩქარებულად დავუბრუნდებით.  კალენდარიც ცნობილია, 2025 წლის ივნისში ევროპული საბჭო კვლავ  შეიკრიბება. პოლონეთის პრეზიდენტ დუდასთან შეხვედრა, რომელიც ევროპული საბჭოს მომავალი თავმჯდომარეა, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ამასთან, როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოში ჩამოვიდნენ: 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, თუკი საქართველომ დაადასტურა, საკუთარი ნება, მე უთუოდ ჩამოვალ, იგივე განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონიმ. ასე რომ ჩვენს მიმართ მზადყოფნა არსებობს - დავრწმუნდი, რომ ფანჯარა, რომელიც ჩვენთვის გაიხსნა, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას, ეს ფანჯარა გახსნილია და შეგვიძლია დავუბრუნდეთ"- დასძინა ზურაბიშვილმა. 

ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში ვერ შეიყვანს.

  • გერმანიის და პოლონეთის პრეზიდენტები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - ეს იმ ლიდერების ჩამონათვალია, ვისაც სალომე ზურაბიშვილი გასული კვირის განმავლობაში ხვდებოდა.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორთან, მაიკლ კარპენტერთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება. 

  • ცნობისთვის, კარპენტერი პრეზიდენტ ბაიდენის გუნდში ის მაღალჩინოსანია, რომელიც საქართველოს საკითხებს კურირებს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კარპენტერთან საუბრისას ვაშინგტონის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. 

ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ აშშ-შიც იდენტური განწყობაა. 

პრეზიდენტმა "მეგობარი აქტი" ახსენა და თქვა, რომ დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ამიტომ განცხადებები, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ხელისფლება შეიცვლაბა და მათთან "დავალაგებთ" ტყუილი და "რუსული თემაა". 

პრეზიდენტთან ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ: https://youtu.be/G5dxVXdGA04

მსგავსი სიახლეები