გომელაურის აღიარება: სანქცირებული "ხარება" და მილერი ხელფასს ბანკში იღებენ
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ზვიად ხაზარაზიშვილი იგივე "ხარება" და მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური ამ დრომდე სისტემაში რჩებიან და მათ ხელფასი დღემდე საბანკო ანგარიშებზე ერიცხებათ.
გომელაური არ ასახელებს იმ ბანკებს, რომლებიც სანქცირებულ მაღალჩინოსნებზე თანხას გასცემენ.
ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს ხელფასს ძალიან კარგად ვუხდით. (შსს-ის მაღალჩინოსნები) ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო "ვიზა ბარათებია", სხვა ბარათები არ არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს (რომელი ბანკი ემსახურება). მე არ ვარ ვალდებული, ვიცოდე, ეგ არის ინდივიდუალური. თუ მინდა ერთ ბანკში, ან მეორეში, ან მესამეში ავიღებ"- აცხადებს მინისტრი.
კითხვაზე, ელოდება თუ არა თავად სანქცირებას, პირველი პოლიციელი ამტკიცებს, რომ "პრობლემა არ აქვს თუ დაასანქცირებენ, რადგან ყველაფერს სამშობლოს გამო აკეთებს".
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის 16 სექტემბერს დაასანქცირა.
OFAC-ის მიერ დასანქცირებულები არიან , პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშიაც.
ხარაზიშვილს მიერ 2024 წლის ივნისისთვის შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მას სახელფასო ანგარიში „თიბისი ბანკში“აქვს.
ლაგაზაური დეკლარაციას არ ავსებს, შესაბამისად უცნობია, რომელ ბანკში აქვს ანგარიში.
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“, - რომელიც კომერციულ ბანკებს აერთიანებს, - აცხადებს, რომ „საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია და ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს“.