"მივალთ, ვისაუბრებთ, ერთად შევჯერდებით" - კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები 14 საათზე პრეზიდენტს შეხვდებიან

07.10.24 11:21
"მივალთ, ვისაუბრებთ, ერთად შევჯერდებით" - კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები 14 საათზე პრეზიდენტს შეხვდებიან

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან - ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ორბელიანების სასახლეში ზუსტად 2 საათზე მივლენ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტს მოუსმენენ, ოპოზიციონერი ლიდერებეი თავადაც გაუზიარებენ თავიანთ აზრს და ერთად შეჯერდებიან გადაწყვეტილებაზე.

"ძალიან დიდი ინტერესით მივდივართ კოალიცია "ცვლილებისთვის" ოთხივე ლიდერი შეხვედრაზე პრეზიდენტთან. ყურადღებით მოვუსმენთ, რა თქმა უნდა, გავუზიარებთ ჩვენს აზრს. პრეზიდენტი ქარტია არის ის, რაზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ვრჩებით ერთგულები. პრეზიდენტის ინიციატივა კონსულტაციების არის დროული, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მივალთ, ვისაუბრებთ, ერთად შევჯერდებით. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველა ვართ ის ხალხი, ვისაც პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეს ცვლილება საუკეთესოდ განხორციელდეს. პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ არჩევნებში. ძალიან დიდი ხანია მისი პოზიცია ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდესნ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ყველამ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ყველა მათგანს გვაქვს ჩვენ-ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის განხილვებს დღეიდან იწყებს.

დღეს გახდება ცნობილი, ვინ წარმოუდგენია მომავალ პრემიერად სალომე ზურაბიშვილს. პრეზიდენტი პოლიტიკურ ლიდერებს ათონელის სასახლეში დღის მეორე ნახევრიდან ელოდება. შაბათის ეთერში სალომე ზურაბიშვილმა გაამხილა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატურას პოლიტიკური წარსული არ აქვს.

რამდენიმე პარტიაში უკვე ღიად თქვეს, რომ კონსულტაციებზე მივლენ, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია.

მსგავსი სიახლეები