ნაკლებ სავარაუდოა, რომ 27 წევრის მხრიდან გაწევრიანებაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული - ჰერჩინსკი

07.10.24 13:14
ნაკლებ სავარაუდოა, რომ 27 წევრის მხრიდან გაწევრიანებაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული - ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, დიდი ალბათობით, არ გაიხსნება. საუბარია ევროკომისიის გადაწყეტილებაზე, რომელიც ოქტომბრის თვეში უნდა გამოქვეყნდეს.

პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში ჩანიშნული დებატები, რომელიც ხვალ გაიმართება, კარგი სიგნალი არ არის და ამის მიზეზი "ოცნების" ხელისუფლების ქმედებებია. 

დიპლომატი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარება შეიცვლება და ქვეყანაში ანტიევროპული პროპაგანდა და კონსპირაციები დასრულდება. 

მიმდინარე კვირას საქართველოს საკითხი იქნება განხილული. 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში იქნება დებატები, შემდეგ კვირას ევროკავშირის მინისტრების შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ასევე, ევროსაბჭოში შარლ მიშელი შეხვდება წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს და მინისტრებს.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვა კარგი სიგნალი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ვღელავთ საქართველოში არსებულ მდომარეობაზე. გულსატკენია, რომ წინა ევროპის საბჭოზე საქართველოს წევრობის პროცესის დაპაუზება ყველა წევრმა ქვეყანამ ერთად გადაწყვიტა. ანტიევროპული პროპაგანდა და კონსპირაციული თეორიები არ ჩერდება. იმედია, არჩევნების შემდეგ ეს შეიცვლება. უნდა დაველოდოთ გაფართოების დოკუმენტს. ვფიქრობ, პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებ სავარუადოა და კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდოა, რომ 27 წევრის მხრიდან გაწევრიანებაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, - ამბობს ჰერჩინსკი. 

შეგახსენებთ, რომ ხვალ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენაა ჩანიშნული. სავარაუდოდ, ევროდეპუტატები მიიღებენ ახალ რეზოლუციასაც.   

მსგავსი სიახლეები