პაპუაშვილი ქართულ ქარტიას “ბანანის რესპუბლიკის“ ქარტიად მოიხსენიებს

07.10.24 13:44
პაპუაშვილი ქართულ ქარტიას “ბანანის რესპუბლიკის“ ქარტიად მოიხსენიებს

ხელისუფლება პრეზიდენტის გეგმებს აკრიტიკებს - პარლამენტის თავმჯდომარე ქართულ ქარტიას  “ბანანის რესპუბლიკის“ ქარტიას უწოდებს და ამტკიცებს, რომ “ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა, კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის“.

პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ “იგივე სცენარი 2022 წელსაც ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა არ გამოუვიდათ.“

 

მათ ხელი მოაწერეს ამ “ბანანის რესპუბლიკის“ ქარტიას, სადაც წერია ზუსტად ეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი და რომ ერთ წელიწადში უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს წერია, ამას ხელი მოაწერეს და დღეს ვხედავთ, რომ უკვე უარყოფენ ამ ყველაფერს. ასევე ამ მთავრობაში რომ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და უნდა იყვნენ სხვები, არ ვიცი ვინ სხვები, ესეც იქ ითქვა.

სინამდვილეში, ეს არის ზუსტად ის სცენარი, რომელიც 2022 წლის ივნისში უნდოდათ, „ენჯეოების“ ხელით განეხორციელებინათ და ანტიკონსტიტუციურ გზით ხელისუფლება ჩაგედოთ ხელში, ხალხისგან მანდატის არმქონე ჯგუფებს, თუ ვისგანაც იყვნენ ისინი მართული. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა, კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამაში ჩართულია, იქნებიან ეს პარტიები, თუ უცხოელი აქტორები, ამ მხრივ მონაწილეობს კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში“ - ამბობს პაპუაშვილი.

ათონელის რეზიდენციაში კონსულტაციები ცოტა ხანში დაიწყება - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება, სადაც ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაზე იმსჯელებენ. კონსულტაციები 2 დღეს გაგრძელდება.

დღეს გახდება ცნობილი, ვინ წარმოუდგენია მომავალ პრემიერად სალომე ზურაბიშვილს. შაბათის ეთერში სალომე ზურაბიშვილმა გაამხილა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატურას პოლიტიკური წარსული არ აქვს.

მსგავსი სიახლეები