რეკორდულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სასწავლო პროცესს გამოეთიშნენ - ნაცვლიშვილი

07.10.24 14:12
რეკორდულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სასწავლო პროცესს გამოეთიშნენ - ნაცვლიშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ქვეყანაში ემიგრაციის პრობლემასა და სკოლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ოცნების" პოლიტიკის გამო, ქვეყანა ადამიანებისგან იცლება, მოსწავლეები კი სკოლებში სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. მისი განმარტებით, 2022-2023 ასეთი ბავშვების რიცხვმა 14911 მიაღწია, რაც საგანგაშოა.

მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში შექმნა და რომლის შედეგადაც საქართველო იცლება ადამიანებისგან, ოჯახებისგან. რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, იცლება ბავშვების და ახალგაზრდებისგან, ვინც ქვეყნის მომავალი უნდა შექმნას. სახელმწიფომ თავად აღიარა, რომ რეკორდულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სასწავლო პროცესს გამოეთიშნენ. მაგალითად, თუ 2021-2022 წლებში ამ ბავშვების რაოდენობა 8846 იყო, 2022-2023 წლებში ეს რაოდენობა გაორმაგდა და 14911 ბავშვი შეადგინა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ვკარგავთ. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მომავალ თაობას ვკარგავთ, რომელთა ოჯახებსაც ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი რეალობის გამო, იძულებით უწევთ ემიგრაციაში წასვლა და თან შვილებიც მიჰყავთ,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ უკიდურეს გაჭირვებაზეც ისაუბრა. 

საქართველოში ათობით თუ არა, ასობით ბავშვს ხელი არ მიუწვდება ისეთ საბაზისო ნივთებზე, როგორიცაა მაგალითად, წიგნები, სახატავი საშუალებები და სხვა. კორუმპირებულმა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა, წლებია ვერ მოახერხა, რომ ბავშვები თავიანთ სკოლებში დადიოდნენ, ისინი სხვა სკოლებში არიან შეხიზნული, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.   

მსგავსი სიახლეები