"მთავარი არის რეპუტაცია" - ხერხეულიძე პრემიერობის საერთო კანდიდატზე

07.10.24 21:35
"მთავარი არის რეპუტაცია" - ხერხეულიძე პრემიერობის საერთო კანდიდატზე

საქართველოს პრეზიდენტთან ოპოზიციური სპექტრის კონსულტაციებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აფასებს და აცხადებს, რომ წინასწარ არ შეუძლია იმის თქმა, თუ რას განიხილავს "ერთიანობა" სალომე ზურაბიშვილთან დაგეგმილ ხვალინდელ შეხვედრაზე.

ამასთან, ეკა ხერხეულიძე მიიჩნევს, რომ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური წარსულის არ მქონე ადამიანები უფრო ღირსეულები არიან, არასწორია, რადგან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, არანაკლებ ღირსეულები არიან ის პიროვნებები, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქამდეც აქტიურად იყვნენ ჩართულები. 

"მთავარია, როგორ გაიარე ეს პერიოდი და როგორი რეპუტაცია გაქვს" - ამბობს ხერხეულიძე.

მე არ მაქვს  უფლება ამაზე ვისაუბრო, რადგან ეს არის პირადი საუბარი პრეზიდენტსა და ''ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლებთან ერთად და ხვალ გახდება ცნობილი. ჩვენ ვნახეთ დღეს შეხვედრა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ გააკეთეს მათ განცხადებები და ბუნებრივია პარტიის თავმჯდომარე ისაუბრებს ამ საკითხებზე. მე რასაც ვუსმინე, ზოგადად საქართველოში არის ასეთი მოსაზრება, რომ თუ აქამდე არ არის პოლიტიკაში ვიღაც ნამყოფი, ეს ხარისხის მაჩვენებელია და ღირსების. მე ასე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ ქვეყანას ბევრი საბედისწერო ეტაპი ჰქონია და თუ ადამიანები აქამდე არ ჩანდნენ, მე არ ვფიქრობ, რომ ის არის ღირსებით მეტი იმ ადამიანზე, ვინც ჩანდა ამ მოვლენების დროს. მთავარი არის რეპუტაცია, როგორ გაიარე ეს პერიოდი და როგორი რეპუტაცია გაქვს", - ამბობს ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით დღეიდან დაიწყო.

რამდენიმე პარტიაში უკვე ღიად თქვეს, რომ კონსულტაციებზე მივლენ, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია.

მსგავსი სიახლეები