სასამართლო რეფორმა და ადამიანის უფლებები - ოპოზიციური პარტიები იურისტებს საკუთარ გეგმებს აცნობენ
დილიდან თბილისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების და იურისტების შეხვედრა მიმდინარეობს. პოლიტიკოსები იურიდიული კომპანიების ასოციაციის წამრმომდგენლებს ხვდებიან და მათ საარჩევნო პროგრამას აცნობენ. უფლებადამცველების კითხვები, ძირითადად, სასამართლო რეფორმას, ადამიანის უფლებებს და ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზირებას ეხება.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ყურადღებას დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლსამჯულების სისტემის მნიშვნელობაზე ამახვილებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს გარანტია, რომ ვინც არ უნდა იყოს დავის მეორე მხარეს, სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს.
ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის დაკრულზე კი არ ცეკვავს, არამედ, რომელიც იმართება ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფო ინსტიტუციებით და იმართება სამართლიანი კანონებით. ამ ამოცანის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. წარმოვადგენთ „ძლიერი საქართველოს“ ხედვას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ სისტემა, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მისი სტატუსის მიუხედავად, ჰქონდეს სრული გარანტიები იმისა, რომ ვინც არ უნდა იყოს დავის მეორე მხარეს, სამართალი გაიმარჯვებს, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის ბევრი საკანონმდებლო აქტის მირებაა საჭირო და ამისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური იურისტების ჩართულობა.
სწრაფი განვითარებისთვის, რომელიც ჩვენ გვჭირდება საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი საკანონმდებლო აქტის მიღება და ამასთან დაკავშირებით ყველა კვალიფიციური იურისტის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩვენის მხრივ საკმაოდ ინოვაციურ პროდუქტებს წარვუდგენთ იურიდიულ წრეებს, რომლის სამართლებრივი ბაზისი უნდა შევქმნათ, - ამბობს „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.