ეს პოლიტიკური დაკვეთაა-,,სახალხო პარტიას" რუსთავში ოფისის მიქირავებაზე უარი განუცხადეს
სოსო გოგაშვილის ,,სახალხო პარტია" ,,ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. ოპოზიციაში მყოფ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს რაიონული ოფისი რუსთავში უნდა გაეხსნა. წინასწარ ნაქირავებ ობიექტზე ჩატარდა შესაბამისი სარემონტო სამუშაოებიც და მოულოდნელად ხელშეკრულება ოფისის მფლობელმა ცალმხრივად გაწყვიტა. პარტიაში ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის უკან სახელისუფლებო გუნდი დგას, რომელიც სჯის ყველას, ვინც ოპოზიციურ პარტიებთან რაიმე ფორმით კავშირშია.
,,სახალხო პარტიის" რუსთავის ორგანიზაციას ხელმძღვანელი, ლევან ონიანი, რომელიც ,,ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ ასეთი დაბრკოლების შექმნის მიუხედავად ბრძოლას არ შეწყვეტენ.
დღეს დილით ახსნა-განმარტების გარეშე და დიდი ბოდიშებით დაგვიკავშირდა ფართის მეპატრონე და უარი გვითხრა. ეს ფაქტი ყველას კარგად მოეხსენება, რაზე მიუთითებს. ბატონ დამკვეთებს, ,,ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილების მიმღებებს, ანუ ,,ნაცმოძრაობას" ვგულისხმობ, ვეუბნები, რომ ვერ გაგვაჩერებთ! - განაცხადა ლევან ონიანმა.
,,სახალხო პარტიიის" დამფუძნებელი, მამუკა გიორგაძე, მიიჩნევს, რომ ,,ქართული ოცნება" ოპონენტებთან ბრძოლას ბოლშევიკური მეთოდებით აგრძელებს.
ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას არ ძალუძს ზნის გამოცვლა და ბოლშევიკური მეთოდებით აგრძელებს ცხოვრებას. მეორე, საკუთარი უსუსურობის განცდაა, როცა პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკური მეთოდებით კონკურენციას ვერ უწევ და არ შეგიძლია, მას მოუგო დებატებით, პრინციპებით, პროგრამით - ამბობს მამუკა გიორგაძე.
,,სახალხო პარტიის" რუსთავის ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა ფართის მიქირავებაზე მათ უარს ეუბნებიან და ისინი ოფისის გარეშე არიან დარჩენილები, რაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას შეუძლებელს ხდის.