"ოცნება" ევროპულ ფასეულობებთან წინააღმდეგობაში მოდის, ამიტომ ცხადია, რა ტიპის რეზოლუცია იქნება მიღებული - ცისკარიშვილი

09.10.24 14:11
"ოცნება" ევროპულ ფასეულობებთან წინააღმდეგობაში მოდის, ამიტომ ცხადია, რა ტიპის რეზოლუცია იქნება მიღებული - ცისკარიშვილი

"ქართული ოცნება" ევროპულ ფასეულობებს არ იზიარებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, ძალაუფლებას დაკარგავს, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ოცნება" ევროპულ ფასეულობებთან წინააღმდეგობაში მოდის, ამიტომ ნათელია, რა ტიპის რეზოლუცია შეიძლება მიიღოს ევროპარლამენტმა. 

საქმე ის გახლავთ, რომ "ქართულ ოცნებას"იმედი ჰქონდა, რომ როდესაც ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდა ივნისში, იქ მოვიდოდნენ ისეთი ძალები, ისეთი სუბიექტები და ინდივიდები, რომლებიც პროპუტინისტურად, პრორუსულად არიან განწყობილი და პარალელურად, ასეთი ადამიანები, როგორც წესი, იცავენ და ახმოვანებენ ხოლმე "ქართული ოცნების" პოზიციას. რა თქმა უნდა, ასეთი სუბიექტები აღმოჩნდნენ ევრპარლამენტში, მაგრამ არიან უკიდურეს უმცირესობაში და შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, მთლიანად, დასავლური სამყარო დგანან მთავარ ფასეულობებზე, როგორებიცაა დემოკრატია ღია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კანონის უზენაესობა. "ქართული ოცნება", რომელიც არ იზიარებს ამ ფასეულობებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, ძალაუფლებას დაკარგავს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ფასეულობებთან. სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ, როდესაც ვმსჯელობთ, რა ტიპის რეზოლუცია შეიძლება იყოს მიღებული და თუნდაც, გუშინდელი დებატებიც ადასტურებს იმას, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დაპაუზებულია და ასე იქნება მანამ, სანამ "ქართულ ოცნებას" არ გავუშვებთ სახლში, არ გადავიყვანთ ოპოზიციაში და არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას. 

ყველაფერი ძალიან მარტივდება: ან სიღატაკე იზოლაციაში, ან კეთილდღება და განვითარება ევროპასთან ერთად - ეს არის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს,  - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელეს. უმწვავესი დებატები ევროკომისრის წარმომადგენელმა ვერა იუროვამ გახსნა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში ვრცელი მოხსენება წაიკითხა. იუროვამ პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირი "ოცნების" ქმედებებით შეშფოთებულია და აღნიშნა, რომ ის ავტოკრატიული რეჟიმების მსგავსია. ბორელის თანაშემწე საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მათ ცრუ ნარატივს ევროკავშირი "ფარდას ახდის". 

კრიტიკულები იყვნენ საკუთარ გამოსვლებში ევროპარლამენტარებიც. ევროდეპუტატებმა ივანიშვილს ხელისუფლებას "მატყუარები" და "ყალბები" ეძახეს და პირდაპირ თქვეს, რომ ახლა მხოლოდ ქართველი ხალხის იმედი აქვთ. 

 

მსგავსი სიახლეები