პირველი ინტერვიუ გომელაურის მოადგილესთან, რომელიც აქციების დარბევის ბრძანებას რაციებით გასცემდა
პირველი ინტერვიუ ვახტანგ გომელაურის მოადგილესთან, რომელიც "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, აქციების დარბევის ბრძანებას რაციებით გასცემდა.
იოსებ ჭელიძე, რომლისგანაც გასაკუთრებულ დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე "ხარება", სავარაუდოდ გაზისა და წყლის ჭავლის შერევის ბრძანებას იღებდა და ასრულებდა, დღეს "ტვ პირველის" კითხვებს გაექცა.
ე.წ. მოზგი გომელაურის ის მოადგილეა, რომელიც "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევას პირადად ხელმძღვანელობდა.
იოსებ ჭელიძე "პირველების" კითხვებმა იმდენად გააღიზიანა, რომ ჟურნალისტს "მატყუარაც" კი უწოდა.
რაც შეეხება გდდ-ის შეფს, "ხარება" დღეს დუმდა. "ტვ პირველის" კითხვები უპასუხოდ დატოვა გომელაურის კიდევ ერთმა მოადგილე, შალვა ბედოიძემ.
საინტერესო იყო შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტება - ვახტანგ გომალაურმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თქვა, რომ წყლის ჭავლში ცრემლმდენ გაზის გარევის ბრძანება თავად გასცა.
გომელაური დღეს "ტვ პირველს" უმტკიცებდა, რომ აქციის დაშლისას წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის ერთდროულად გამოყენება დასაშვებია და ამის უფლებას შსს-ს კანონი აძლევს.
აღსანიშნავია, რომ "შაბათის ეთერმა" სიუჟეტის მომზადების დროს, უწყებას ოფიციალურად მისწერა, ხდებოდა თუ არა წყლისა და გაზის ერთობლივად გამოყენება, თუმცა მაშინ, შსს-ს მინისტრის შეცვლილი ბრძანება "ტვ პირველისთვის" არ მიწოდებია.
გომალაურმა დღეს არ უპასუხა მარიამ გაფრინდაშვილის კიდევ ერთ კითხვას - კონკრეტულად რომელი მუხლი არეგულირებს წყლისა და გაზის ერთობლივად გამოყენებას. მინისტრმა თქვა, რომ ბრძანებას ტელეკომპანიას გამოუგზავნის, თუმცა ის "ტვ პირველს" ამ დრომდე არ მიუღია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათის ეთერის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები წინა კვირას დაადასტურა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგ, გომელაურის უწყებამ აღიარა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებებს აზავებდნენ.
ცნობისთვის, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს შსს წყლის ჭავლში ცრემლმდენ გაზს ურევდა.
სიუჟეტის გასვლიდან მალევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა და შსს-ს მოუწოდა, გაასაჯაროოს შს მინისტრის N1002-ე ბრძანება და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, შეიცვალა თუ არა ნორმა, რომელიც სამართალდამცავს უკრძალავდა აქტიური სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის და ცრემლდენი გაზის, ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია წერდა, რომ ცრემლდენი გაზისა და წყლის ჭავლის პარალელურ გამოყენება შს მინისტრის ბრძანებით აკრძალული იყო.